როცა წინასწარგანწყობასა და მიკერძოებაზე ვფიქრობთ, ხშირად სულელი, ბოროტი ადამიანები გვახსენდება, რომლებიც სისულელეებს და მავნებლობას სჩადიან. ეს აზრი კარგად შეაჯამა ბრიტანელმა კრიტიკოსმა, უილიამ ჰაზლიტმა, რომელმაც დაწერა: "წინასწარგანწყობა უვიცობის შვილია." მინდა ვცადო დაგარწმუნოთ, რომ ეს შეცდომაა. მინდა დაგარწმუნოთ, რომ წინასწარგანწყობა და მიკერძოება ბუნებრივია, რაციონალურია და ხშირად მორალურიც კი. ვფიქრობ, თუ ამას გავიგებთ, უფრო უკეთ ვიგრძნობთ, როდის შეიძლება ამან შეცდომაში შეგვიყვანოს და საშინელი შედეგები მოიტანოს. უკეთ გვეცოდინება რა ვიღონოთ, თუ ასე მოხდა. დავიწყოთ სტერეოტიპებით. როცა მიყურებთ, იცით ჩემი სახელი, რაღაც ინფორმაცია ჩემზე და გარკვეული წარმოდგენა გექმნებათ. შეგიძლიათ ივარაუდოთ ჩემი ეთნიკური წარმომავლობა. პოლიტიკური კუთვნილება, რელიგიური რწმენა. ეს წარმოდგენები ხშირად ზუსტია. ჩვენ კარგად გამოგვდის მსგავსი რაღაცეები. კარგად გამოგვდის იმიტომ, რომ ჩვენი უნარი ადამიანების სტერეოტიპიზაციისა, არა გონების რაღაც შემთხვევითობაა, არამედ ის ზოგადი პროცესის სპეციფიური შემთხვევაა. ეს პროცესია კატეგორიებად დაყოფილ ნივთებთან და ადამიანებთან ურთიერთობის გამოცდილება, რომელსაც ამ კატეგორიების ახალი წარმომადგენლების განზოგადებაში ვიყენებთ. ყველა აქ მყოფს სკამებთან, ვაშლებთან და ძაღლებთან ურთიერთობის დიდი გამოცდილება აქვს. ამაზე დაყრდნობით, უცნობი ობიექტიდან თქვენ შეგიძლიათ დაასკვნათ, რომ სკამზე შეიძლება დაჯდეთ, ვაშლი შეგიძლიათ ჭამოთ და რომ ძაღლი იყეფება. თუმცა, შეიძლება ვცდებოდეთ. სკამი შეიძლება გატყდეს, თუ მასზე დაჯდებით, ვაშლი შეიძლება საწამლავი იყოს და ძაღლმა კი არ იყეფოს. მართლაც, ეს ჩემი ძაღლი ტესია და ის არ იყეფება. მაგრამ ხშირ შემთხვევაში ამას კარგად ვახერხებთ. ხშირ შემთხვევაში სწორ ვარაუდებს ვაკეთებთ სოციალურ სფეროშიც და არა სოციალურშიც. ასე რომ არ ყოფილიყო, რომ არ შეგვძლებოდა გამოგვეცნო რაღაცეები ახალ ობიექტებზე, რომლებსაც ვხვდებით, ვერ გადავრჩებოდით. სხვათა შორის ჰეზლიტი მოგვიანებით თავის შესანიშნავ ესეში ამას აღიარებს. ის წერს: "წინასწარგანწყობისა და მიჩვევის დახმარების გარეშე ოთახში გზას ვერ გავიკვლევდი; არ მეცოდინებოდა როგორ მოვქცეულიყავი ნებისმიერ ვითარებაში, ან რა მეგრძნო ნებისმიერ ცხოვრებისეულ ურთიერთობაში." ავიღოთ მიკერძოება. ზოგჯერ ჩვენ ვყოფთ მსოფლიოს როგორც ჩვენ მათ წინააღმდეგ, ჩვენიანებად და მათიანებად. ზოგჯერ როცა ამას ვაკეთებთ, ვხვდებით რომ არასწორად ვიქცევით და გვრცხვენია ამის. თუმცა, სხვა შემთხვევაში ვამაყობთ ამით. საჯაროდ ვაღიარებთ ამას. ჩემი საყვარელი მაგალითია, უკანასკნელი არჩევნების წინ რესპუბლიკელების დებატებისას, მაყურებლისგან წამოსული შეკითხვა. (ვიდეო) ანდერსონ კუპერი: გადავდივართ შეკითხვებზე შეკითხვა საგარეო დახმარებაზე? დიახ, მემ. ქალი: ამერიკელი ხალხი იტანჯება ჩვენს ქვეყანაში ამჟამად. რატომ ვაგრძელებთ სხვა ქვეყნებისთვის დახმარების გაგზავნას როცა ჩვენ თავად გვჭირდება საკუთარი თავის დახმარება? აკ: გუბერნატორო პერი, (აპლოდისმენტები) რიკ პერი: რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ ეს... პოლ ბლუმი: სცენაზე მყოფი ადამიანებიდან თითოეული დაეთანხმა შეკითხვის პათოსს, რომ როგორც ამერიკელებს, ამერიკელები მეტად უნდა გვადარდებდეს ვიდრე სხვა ხალხი. მართლაც, ზოგადად ადამიანები სოლიდარობით, ლოიალობით, სიამაყით, პატრიოტიზმით არიან განმსჭვალულები მათი ქვეყნის, ან მათი ეთნიკური ჯგუფის მიმართ. პოლიტიკური კუთვნილების განურჩევლად ბევრი ადამიანი ამაყობს ამერიკელობით და ისინი სხვა ქვეყნებს ამერიკას ამჯობინებენ. სხვა ქვეყნის მაცხოვრებლები იმავეს ფიქრობენ საკუთარ ერზე იგივეს ვგრძნობთ ეთნოსზეც. ზოგმა თქვენგანმა ეს შეიძლება უარყოს. ზოგი თქვენგანი შეიძლება კოსმოპოლიტია და ფიქრობს, რომ ეთნოსი და ნაციონალობა არ უნდა იყოს მორალური ფაქტორი. მაგრამ თქვენნაირი დახვეწილებიც კი დაეთანხმებით, რომ უნდა არსებობდეს რაღაც მიკერძოება მეგობრებისა და ოჯახის წევრების მიმართ. იმ ხალხის მიმართ, ვისთანაც ახლოს ხართ. ამიტომ თქვენც ასხვავებთ, 'ჩვენ' და 'მათ'. ეს განსხვავება საკმაოდ ბუნებრივია და ხშირად მორალურიც, მაგრამ ის შეიძლება დამახინჯდეს. სწორედ ეს იყო დიდი სოციალური ფსიქოლოგის ჰენრი ტეჯფელის კვლევის ნაწილი. ტეჯფელი 1919 წელს პოლონეთში დაიბადა. იგი უნვერსიტეტში სასწავლებლად საფრანგეთში წავიდა, რადგან როგორც ებრაელს, არ შეეძლო პოლონეთში ესწავლა. შემდეგ, მეორე მსოფლიო ომისას საფრანგეთის არმიის რიგებში ჩარიცხეს. შემდეგ ტყვედ აიყვანეს და სამხედრო პატიმრების ბანაკში აღმოჩნდა. ეს მისთვის საშინელი პერიოდი იყო, რადგან მისი ებრაელობა რომ აღმოეჩინათ, შეიძლება საკონცენტრაციო ბანაკში გადაეყვანათ, სადაც ალბათ ვერ გადარჩებოდა. მართლაც, როცა ომი დამთავრდა და გამოუშვეს, მისი მეგობრების და ოჯახის წევრების უმრავლესობა მკვდარი იყო. ის სხვადასხვა აქტივობით იყო დაკავებული. ის ომის ობლებს ეხმარებოდა, მაგრამ მისი ხანგრძლივი ინტერესის სფერო წინასწარგანწყობის მეცნიერება იყო. როცა პრესტიჟულ ბრიტანულ სტიპენდიაზე კონკურსი გამოცხადდა, მანაც შეიტანა განაცხადი და მოიპოვა ის. ეს იყო მისი შესანიშნავი კარიერის დასაწყისი. მისი კარიერა კი ისეთი აზრით დაიწყო, რომელიც უმრავლესობის წარმოდგენას ჰოლოკოსტზე ეწინააღმდეგებოდა. ბევრი ხალხი, უმრავლესობა იმ დროში, ჰოლოკოსტს უყურებდა, როგორც გერმანელების რაღაც ტრაგიკულ დეფექტს, რაღაც გენეტიკურ, ავტორიტარულ პიროვნულ თვისებას და ტეჯფელმა ეს უარყო. ტეჯფელმა თქვა, რომ რაც ჰოლოკოსტის დროს ვნახეთ, არის ნორმალური ფსიქოლოგიური პროცესების გადამეტება. პროცესების, რომელიც ყოველ ჩვენგანშია. ამის შესასწავლად მან ბრიტანელ ახალგაზრდებზე, კლასიკური კვლევების სერია ჩაატარა. ერთ-ერთ კვლევაში, მან ბრიტანელ ახალგაზრდებს სხვადასხვა კითხვები დაუსვა. შემდეგ პასუხებზე დაყრდნობით თქვა: "თქვენს პასუხებს შევხედე და მათზე დაყრდნობით, დავადგინე რომ თქვენ ხართ ან"... ნახევარს უთხრა: "კანდინსკის მოყვარული, თქვენ გიყვართ კანდინსკის ნამუშევრები", ან: "კლიის მოყვარული, თქვენ გიყვართ კლიის ნამუშევრები" ეს სრული ფიქცია იყო. მათ პასუხებს კავშირი არ ჰქონდა, არც კანდინსკისთან და არც კლიისთან. მათ ალბათ ამ ხელოვანების შესახებ არც კი სმენიათ. მან უბრალოდ შემთხვევითად დაჰყო ისინი. აღმოჩნდა რომ ეს კატეგორიები მნიშვნელოვანი იყო. როცა მან მოგვიანებით გამოსაცდელებს ფული მისცა, ისინი ამ ფულს უფრო მეტად საკუთარი ჯგუფის წევრებს უნაწილებდნენ, ვიდრე სხვა ჯგუფისას. უფრო მეტიც, ისინი დაინტერესებულები იყვნენ საკუთარ ჯგუფსა და სხვა ჯგუფს შორის განსხვავების მიღწევით. მაგალითად, ისინი თმობდნენ ფულს საკუთარი ჯგუფისთვის, თუ ამით სხვა ჯგუფისთვის ნაკლების მიცემა მოუწევდათ. ჩანს რომ ასეთი მიკერძოება ძალიან ადრე ვლინდება. ჩემმა კოლეგამ და ცოლმა, კარენ ვინმა, იელში ბავშვებზე, კვლევების სერია ჩაატარა, სადაც ბავშვებს თოჯინები წარუდგინა. ყოველ თოჯინას საყვარელი საჭმელი აქვს. მაგალითად, ერთ-ერთ თოჯინას შეიძლება მწვანე ლობიო უყვარდეს. მეორეს - კრეკერები. ბავშვების საყვარელი საჭმელიც დგინდება. როგორც წესი ეს კრეკერებია. საინტერესოა, აქვს თუ არა ამას მნიშვნელობა. იმისთვის თუ როგორ ექცევიან ბავშვები თოჯინებს? აღმოჩნდა რომ აქვს. ისინი იმ თოჯინას ანიჭებენ უპირატესობას, რომელსაც მათნაირი გემოვნება აქვს. უფრო მეტიც, ისინი იმ თოჯინას ანიჭებენ უპირატესობას, რომელიც სჯის თოჯინას, რომელსაც სხვა გემოვნება აქვს. (სიცილი) ჩვენ ამ 'ჩვენიანები' 'მათიანები' ფსიქოლოგიას ვხედავთ მუდმივად. ჩვენ ვხედავთ ამას პოლიტიკურ ბრძოლაში სხვადასხვა იდეოლოგიების ჯგუფებში. ვხედავთ ამის უკიდურესობას ომის შემთხვევაში, როცა 'მათიანები' არა მხოლოდ ნაკლებს ღებულობენ, არამედ მათ არაადამიანურად ეპყრობიან, როგორც ნაცისტებს წარმოედგინათ ებრაელები როგორც პარაზიტები, ან ტილები. ან ამერიკელებს წარმოედგინათ იაპონელები, როგორც ვირთხები. სტერეოტიპებიც შეიძლება დამახინჯებული იყოს. ხშირად ისინი რაციონალური და გამოსადეგია, მაგრამ ზოგჯერ ირაციონალურია, არასწორ პასუხებს იძლევა. ზოგ შემთხვევაში პირდაპირ ამორალურ შედეგებამდე მივყავართ. ყველაზე ფართედ შესწავლილი ასეთი მაგალითი, რასის შემთხვევაა. 2008 წლის არჩევნებამდე შესანიშნავი კვლევა ჩატარდა, სადაც სოციალური ფსიქოლოგები დააკვირდნენ, თუ რამდენად იყვნენ კანდიდატები ამერიკასთან ასოცირებულები, როგორც ამერიკის დროშასთან ქვეცნობიერი ასოციაცია. მათ ერთ-ერთ ასეთ კვლევაში, ობამა და მაკკეინი შეადარეს და აღმოჩნდა, რომ მაკკეინი უფრო მეტად აღიქმება ამერიკელად, ვიდრე ობამა. ხალხი არც არის ამით ძალიან გაკვირვებული. მაკკეინი ომის გმირია და ბევრი დაუფარავად იტყვის, რომ მას მეტი აკავშირებს ამერიკის ისტორიასთან ვიდრე ობამას. მაგრამ ობამა ბრიტანელ პრემიერ მინისტრს, ტონი ბლერსაც შედარდა და აღმოჩნდა რომ ბლერიც ობამაზე უფრო მეტად აღიქმება ამერიკელად, მიუხედავად იმისა რომ გამოსაცდელებმა ცხადად იცოდნენ, რომ ბლერი საერთოდ არ არის ამერიკელი. მაგრამ ისინი რასაკვირველია კანის ფერზე რეაგირებდნენ. ამ სტერეოტიპებს და მიკერძოებას, მსოფლიოს მასშტაბით რეალური, უმნიშვნელო და მნიშვნელოვანი შედეგები აქვს. ერთ-ერთ ბოლო კვლევაში, ბეისბოლის ბარათები დადეს eBay-ზე გასაყიდად. ზოგი მათგანი თეთრკანიან ხელს ეჭირა, ზოგი - შავკანიანს. ბარათები კი ერთნაირი იყო. შავკანიანებს რომლებიც ეჭირათ, მათ მნიშვნელოვნად ნაკლები განაცხადები მიიღეს, თეთრკანიან ხელში მყოფებთან შედარებით. სტენფორდის კვლევაში, ფსიქოლოგებმა თეთრკანიანი ადამიანის მკვლელობებისთვის გასამართლებული ადამიანების საქმეები გამოიკვლიეს. როგორც აღმოჩნდა, ყველა სხვა ფაქტორის მუდმივობის პირობებში, უფრო დიდი შანსია სიკვდილით დაგსაჯონ, თუ გამოიყურებით როგორც მარჯვენა მამაკაცი, ვიდრე მარცხენა. დიდ წილად იმიტომ, რომ მარჯვენა მამაკაცი პროტოტიპულად უფრო შავკანიანია, პროტოტიპულად უფრო აფრო-ამერიკელი და ეს გავლენას ახდენს ადამიანების გადაწყვეტილებაზე, თუ რა გააკეთონ მასთან დაკავშირებით. ახლა როცა ვიცით ამის შესახებ, როგორ შევებრძოლოთ? არსებობს სხვადასხვა გზა. ერთ-ერთია ადამიანურ, ემოციურ რეაქციებზე აპელირება. ხალხის თანაგრძნობაზე გათვლა. ხშირად ამას ისტორიებით ვაკეთებთ. თუ თქვენ ლიბერალი მშობელი ხართ და გინდათ თქვენი ბავშვი არატრადიციული ოჯახის ღირსეულობაში დაარწმუნოთ, შეიძლება მას ეს წიგნი მისცეთ: ["ჰიზერს ორი დედა ჰყავს"] თუ კონსერვატორი ხართ, სხვა დამოკიდებულებით შეიძლება ასეთი წიგნი მისცეთ. (სიცილი) ["მიშველე! დედა! ჩემი საწოლის ქვეშ ლიბერალები არიან!"] ზოგადად ისტორიებმა შეიძლება უნიშვნელო უცნობები, მნიშვნელოვან ადამიანებად აქციონ და ის რომ ჩვენ გვაღელვებს ადამიანები, როცა მათზე, როგორც ინდივიდებზე ვკონცენტრირდებით, ისტორიის მანძილზე ბევრჯერ გამოვლინდა. ამბობენ, რომ სტალინმა თქვა: "ერთი ადამიანის სიკვდილი ტრაგედიაა, მილიონების კი - სტატისტიკა" დედა ტერეზამ თქვა: "მასების დანახვაზე, არაფერს მოვიმოქმედებ. თუ ერთს დავინახავ - დავეხმარები " ფსიქოლოგებმა ეს გამოიკვლიეს. მაგალითად, ერთ-ერთ კვლევაში, ხალხს მიაწოდეს ფაქტები კრიზისულ სიტუაციაზე და დააკვირდნენ რამდენ შემოწირულობას გაიღებდნენ ამ კრიზისის დასაძლევად. სხვა ჯგუფს არ მიაწოდეს არცერთი ფაქტი, მაგრამ მოუყვნენ ადამიანზე, უთხრეს სახელი და აჩვენეს სახე და როგორც აღმოჩნდა მათ ბევრად მეტი გასცეს. ეს ყველაფერი არაა საიდუმლო იმ ხალხისთვის, ვინც ქველმოქვედებითაა დაკავებული. ისინი ცდილობენ არ დატვირთონ ადამიანები ფაქტებითა და სტატისტიკით, არამედ სახეებს აჩვენებენ, ადამიანის სახეებს. შეიძლება თითოული ადამიანის მიმართ სიმპათიის გამოწვევით, ამ სიმპათიის მთელ იმ ჯგუფზე გავრცელება მოხდეს, რომელსაც ეს ინდივიდი ეკუთვნის. ეს ჰარიეტ ბიჩერ სტოუა. შეიძლება გამოგონილიც არის, მაგრამ ამბობენ, რომ პრეზიდენტმა ლინკოლნმა ის სამოქალაქო ომის დროს თეთრ სახლში დაპატიჟა და უთხრა: "მაშ თქვენ ხართ ის პატარა ქალბატონი, რომელმაც ეს დიდი ომი დაიწყო" ამაში ის: "ბიძია თომას ქოხს" გულისხმობდა "ბიძია თომას ქოხი" დიდი ფილოსოგიის, თეოლოგიის, ან თუნდაც ლიტერატურის წიგნი არ არის, მაგრამ ის დიდ საქმეს აკეთებს. ადამიანებს იმათ ადგილზე აყენებს, ვის ადგილზეც ისინი ვერ აღმოჩნდებოდნენ, ის მათ მონობას აგრძნობინებს. სწორედ ეს შეიძლება ყოფილიყო დიდი სოციალური ცვლილების კატალიზატორი. ბოლო ათწლეულების ამერიკას თუ შევხედავთ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ "ქოსბის შოუს" მსგავსმა შოუებმა, რადიკალურად შეცვალეს ამერიკელების დამოკიდებულება აფრო-ამერიკელების მიმართ, "უილი და გრეისის" და "თანამედროვე ოჯახის" მსგავსმა შოუებმა კი, შეცვალეს მათი დამოკიდებულება გეი კაცების და ქალების მიმართ. არ მგონია გადაჭარბებული იმის თქმა, რომ ამერიკაში მორალური ცვლილების მთავარი კარტალიზატორი, სიტუაციური კომედიები იყო. თუმცა, მხოლოდ ემოციები არ არის და მინდა გონიერების ძალაზე ყურადღების გამახვილებით დავასრულო. სტივენ პინკერი თავის შესანიშნავ წიგნში: "ჩვენი ბუნების საუკეთესო ანგელოზები" ამბობს: ძველ აღთქმაში წერია, რომ გიყვარდეს მეზობელი შენი. ახალ აღთქმაში წერია: გიყვარდეს მტერი შენი, მაგრამ სინამდვილეში, მე არცერთი მათგანი არ მიყვარს, მაგრამ მაინც არ მინდა მათი მოკვლა. მე ვიცი, რომ მათ წინაშე ვალდებულება მაქვს, მაგრამ ჩემი მორალური გრძნობები და წარმოდგენები იმაზე, თუ როგორ უნდა მოვექცე მათ, სიყვარულზე არ არის დაფუძნებული, არამედ ეფუძნება ადამიანის უფლების გაგებას. წარმოდგენას, რომ მათი სიცოცხლე ისეთივე ფასეულია მათთვის, როგორც ჩემი - ჩემთვის. ამის დასტურად ის დიდი ფილოსოფოსის, ადამ სმითის ისტორიას ჰყვება. მინდა ეს ისტორია მეც გიამბოთ. თუმცა მე მას, ცოტა თანამედროვეობისკენ შევცვლი. ადამ სმითი იწყებს თხოვნით წარმოიდგინოთ ათასობით ადამიანის სიკვდილი. თან ეს სიკვდილი, თქვენთვის უცნობ ქვეყანაში ხდება. ეს შეიძლება იყოს ჩინეთი, ინდოეთი, ან ქვეყანა აფრიკაში. სმითი კითხულობს რა იქნება თქვენი რეაქცია? თქვენ იტყვით, ძალიან სამწუხაროა და ჩვეულ რიტმში განაგრძნობთ ცხოვრებას. თუ მაგალითად გადაშლით The New York Times-ს ინტერნეტში და ამ ამბავს წაიკითხავთ, პრინციპში მსგავსი რამ მუდმივად ხდება ჩვენ ვაგრძელებთ ცხოვრებას. თუმცა, ამის ნაცვლად, სმითი გთხოვთ წარმოიდგინოთ, რომ გაიგეთ, რომ ხვალ ნეკა თითს გაჭრიან. სმითი ამბობს, თქვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ამაზე ფიქრით, იმ ღამეს ვერ დაიძინებთ. ისმის კითხვა: გასწირავდით თუ არა ათასობით სიცოცხლეს, თქვენი ნეკა თითის შენარჩუნების სანაცვლოდ? შეგიძლიათ გულში უპასუხოთ, მაგრამ სმითი პასუხობს, რომ ვერანაირად, ეს ხომ საშინელი აზრია. ეს შემდეგ კითხვას აჩენს, როგორც სმითი ამბობს: "როგორ ხდება, რომ ჩვენი პასიური გრძნობები , თითქმის ყოველთვის ასეთი საშინელი და ეგოისტურია, ხოლო ჩვენი აქტიური პრინციპები, ხშირად გულუხვი და კეთილშობილი?" და სმითი პასუხობს: "ეს არის გონიერება, პრინციპი და ნამუსი. ისინი ისე ჩაგვესმის, რომ ჩვენს ყველაზე თავდაჯერებულ ვნებებსაც კი ახშობს და გვარწმუნებს, რომ მხოლოდ ერთ-ერთი ვართ სიმრავლიდან და სხვებზე მეტი არ ვართ." ამ უკანასკნელს, ხშირად მიუკერძოებლობის პრინციპს ეძახიან. მიუკერძოებლობის ეს პრინციპი, მსოფლიოს ყველა რელიგიაში, ოქროს წესის ყველა ვერსიაში და მსოფლიოს ყველა მორალურ ფილოსოფიაში ვლინდება, სხვადასხვა ფორმით, მაგრამ ყველა იზიარებს წარმოდგენას, რომ მორალური მსჯელობა მიუკერძოებელი პოზიციიდან უნდა ვაწარმოოთ. ჩემი აზრით ამის საუკეთესო გამოხატულება, არა თეოლოგის, ან ფილოსოფოსის, არამედ ჰამფრი ბოგარტია ფილმ "კასაბლანკის" ბოლოს. ასე რომ გაფრთხილება სპოილერზე. ის შეყვარებულს ეუბნება, რომ საერთო სიკეთისთვის უნდა დაშორდნენ და ამასთან ამბობს... მის აქცენტს ვერ გავაკეთებ... მაგრამ ამბობს: "ადვილი მისახვედრია, რომ სამი პატარა ადამიანის პრობლემები ბევრს არაფერს ნიშნავს ამ გიჟურ სამყაროში" ჩვენს გონიერებას შეუძლია ვნებები დაგვაძლევინოს. ჩვენს გონიერებას შეუძლია განავრცოს ჩვენი თანაგრძნობა. შეუძლია დაგვაწერინოს "ბიძია თომას ქოხის" მსგავსი წიგნი, ან წაგვაკითხოს მსგავსი წიგნი. გონიერებამ შეიძლება შეგვაქმნევინოს ჩვეულებები, ტაბუები და კანონები, რომლებიც შეგვზღუდავს ვიმოქმედოთ იმპულსურად, როცა, როგორც რაციონალური არსებები, ვგრძნობთ, რომ უნდა ვიყოთ შეზღუდულები. სწორედ ესაა კონსტიტუცია. კონსტიტუცია წარსულში შეიმუშავეს და მას ამჟამად ვიყენებთ. ის გვეუბნება, რომ არ აქვს მნიშვნელობა, თუ რამდენად გვსურს, ერთი ადამიანის მესამე ვადით პრეზიდენტად არჩევა. არ აქვს მნიშვნელობა, თუ რამდენად შეიძლება სურდეთ თეთრკანიან ამერიკელებს მონობის აღდგენა, ჩვენ ამას ვერ შევძლებთ. ჩვენ საკუთარი თავები შევზღუდეთ. ჩვენ სხვა რამეებშიც შევიზღუდეთ თავები. ჩვენ ვიცით, რომ სამსახურში ვიღაცის აყვანის, ან ჯილდოს მიცემის დროს ჩვენ მიკერძოებულები ვართ მათი რასის, მათი სქესის და მათი გარეგნობის მიხედვით. ამაზე ზოგჯერ შეიძლება ვთქვათ: "კარგი, ასეც უნდა იყოს", მაგრამ ზოგჯერ ვიტყვით: "ეს არასწორია" და ამასთან ბრძოლისთვის, ჩვენ არა მხოლოდ მეტ ძალას ვატანთ თავს, არამედ ისეთ პირობებს ვქმნით, სადაც ეს სხვა ინფორმაციის წყაროები ჩვენზე გავლენას ვერ მოახდენს. ამიტომ არის, რომ ბევრი ორკესტრი მუსიკოსებს გასასინჯად ფარდის უკნიდან უსმენს, იმისთვის რომ მხოლოდ ის ინფორმაცია მიიღონ, რაც ფიქრობენ რომ მნიშვნელოვანია. ვფიქრობ წინასწარგანწყობა და მიკერძოება ადამიანური ბუნების ფუნდამენტურ ორსახობას აჩვენებს. ჩვენ გვაქვს შინაგანი გრძნობები, ინსტინქტები, ემოციები და ისინი მოქმედებენ ჩვენს განსჯაზე და ქმედებაზე. გვიბიძგებენ კარგისკენ, ან ცუდისკენ, მაგრამ ჩვენ ასევე გონივრული განზრახვის, ინტელექტუალური დაგეგმვის უნარი გვაქვს. ჩვენ შეგვიძლია ისინი ზოგჯერ ემოციების კვების და გაძლიერებისთვის გამოვიყენოთ, ზოგჯერ კი - მათი ჩახშობისთვის. ამდენად, გონიერება გვეხმარება შევცვალოთ სამყარო უკეთესობისკენ მადლობა. (აპლოდისმენტები)